Friday, June 21, 2013

ეს სიყვარულია თუ მხოლოდ გატაცება? (პერლას დღიურიდან)


...ვერ გამირკვევია, რა ძალა მიზიდავს მისკენ, საიდან წარმოიშვა ჩემში გამუდმებით მასთან ყოფნის ასეთი მწველი, თითქმის ამოუწურავი სურვილი. რატომ განვიცდი მარტოობას, როცა მის გვერდით არა ვარ?.. ასე რატომ მიხარია მასთან ყოფნა? რატომაა, რომ გამუდმებით ჩემს ფიქრებშია?.. რა მემართება?.. როდემდე?.. სადამდე?.. იქნებ სიზმარია?.. იქნებ არაფერიც არაა და ვაზვიადებ ყველაფერს? ან, იქნებ ისაა ის ერთადერთი, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი და ვისთვისაც ღირდა ლოდინი?.. იქნებ ვცდები?.. მაქვს კი შეცდომის უფლება?

აი, შეცდომებზე დაფიქრება კი უკვე გულს მიმძიმებს და მაშინებს. განა ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც თავის დროზე "ამჩატდა", არ დაუკვირდა, არ დაელოდა უფრო ძლიერ და ღრმა გრძნობას, იფიქრა, რომ უკვე იპოვა... და ნანობს... ნანობს იმიტომ, რომ გრძნობა განელდა, გაცივდა, გაქრა... შერჩა მხოლოდ დაკარგული დრო, დაღლილობა, იმედგაცრუება და დაძაბული ნერვები...

გამოცდილ ადამიანებს თუ დავუჯერებთ, ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ დრო დაგვარწმუნებს ნამდვილ სიყვარულში და აჩქარება არ შეიძლება. ზოგი კი, პირიქით - სიყვარულს პირველი ამოსუნთქვისთანავე შეიგრძნობ, მიხვდები რომ ის "ის" არის და მისი ხელიდან გაშვება არასოდეს მოგინდებაო... ხედავთ, რა რთულია ყველაფერი?

ამერიკელმა მეცნიერებმა სასიყვარულო განცდების კლასიფიკაცია შექმნეს - განსაზღვრეს სიყვარულის 6 სახე:
ეროსი - მგზნებარე სიყვარული-გატაცება - ეს არის მდგომარეობა მძაფრი ემოციური არამდგრადობის და მერყეობის, აღფრთოვანებული ეიფორიასა და მტანჯველ ეჭვიანობას შორის.
ლუდუსი - სიყვარული-თამაში, რომლის მიზანია სიამოვნების მიღება;
სტორგე - თბილი და მშვიდი სიყვარული-მეგობრობა;
მანია - სიყვარული-შეპყრობილობა, რომელიც ადამიანს ყოვლად დამოკიდებულს ხდის სიყვარულის ობიექტზე (ეროსისა და ლუდუსის შეერთებით მიიღება).
პრაგმა, რომელიც დამყარებულია რაციონალურ შერჩევასთან (ლუდუსისა და სტორგეს შეერთებით მიიღება).
აგა-პე - უმწიკვლო სიყვარული-თავდადება (ეროსის და სტორგეს შეერთებით მიიღება).

ამერიკელი ფსიქოლოგი დოროთი ტენნოვი ამბობს, რომ მგზნებარე სიყვარულის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 3 წელი. შემდეგ იცვლება კმაყოფილებით და კომპენსირდება სხვა მომენტებით - სითბოთი, სიმშვიდით, სტაბილურობით და საიმედოობით.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, თუ რა სხვაობაა სიყვარულსა და გატაცებას შორის, ფსიქოლოგებს ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვთ: გატაცება ნიშნავს იმას, რომ ვპოულობთ ადამიანში იმ თვისებებს, რომლებსაც ჩვენ პირველ რიგში ვაფასებთ. სიყვარული კი უმეტეს შემთხვევაში ბრმაა. ამ დროს ადამიანს არ შეუძლია თავი აკონტროლოს. შეიძლება სიყვარულის ობიექტი ისეთი ადამიანი იყოს, რომელიც საერთოდ არ ჯდება ჩვენს გემოვნებაში. აი, თურმე სადაა "ძაღლის თავი დამარხული"!

ფსიქოლოგთა აზრით, მხოლოდ ვნებაზე დამყარებული ურთიერთობაც კი შეიძლება იყოს ხანგრძლივი. გაუზიარებელი სიყვარულიც კი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს "ბედნიერი". ტანჯვა სასიყვარულო ვნებებისაგან უკეთესია, ვიდრე მისი სრულიად არარსებობა. ურთიერთობა - ეს ურთიერთდამოკიდებულებაა. სიყვარულში ვიღაცა კოცნის, ვიღაცა კი ლოყას უშვერს... არავითარი ფორმულა სიყვარულისა არ არსებობს, განცდების აგებულება არ ემორჩილება არავითარ ანალიზს. მიგელ დე უნამუნო ამბობს - "თუ სიყვარულს განვსაზღვრავთ, ის გაქრება. სიყვარული - ეს მხოლოდ საიდუმლო როდია, არამედ თავადაა საიდუმლოება".

აი, აქ გავჩერდები! დაე, ისე იყოს როგორც არის! ...მე მომწონს, მიხარია, მსიამოვნებს, ბედნიერს მხდის... და ეს ყველაზე მთავარია. დანარჩენს დრო აჩვენებს.

თქვენ კი, ჩემო კარგებო, გირჩევთ არ აჩქარდეთ სანამ საბოლოოდ დაუკავშირებდეთ ერთმანეთს ცხოვრებას. გამოსცადეთ ერთმანეთი და დარწმუნდით, რომ ნამდვილად ისაა ის ერთადერთი, ვისთვისაც ღირდა ლოდინი. მერე კი მეც გამანდეთ თქვენი სიყვარულის ამბები. ბედნიერებას გისურვებთ!








„კარდიოლა"


პროფესორმა ახალი მეთოდი შეიმუშავა, რომელსაც მისსავე გამოგონილი აპარატის „კარდიოლას" საშუალებით ახდენს. ეს მეთოდი უკვე მსოფლიოს მოწინევე ქვეყნებმა აღიარეს.

აპარატი „კარდიოლა" გულის სამკურნალოდ შეიქმნა და გამოიყენება, მაგრამ ამასთანავე მას კიდევ ერთი არაჩვეულებრივი უნარი აღმოჩნდა - მისი დახმარებით შეიძლება წონის დაკლება, ცხიმოვანი ქსოვილების დაშლა და სხეულის გალამაზება.

„კარდიოლა" წარმოადგენს კარდიოსინქრონიზებულ ელექტროსტიმულატორს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა მოწყობილობა, რომელიც მაგრდება იმ კუნთებზე, რომელთაც ვარჯიში ესაჭიროებათ, ტონუსში მოჰყავს და გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ახდენს მათზე.

ეს აპარატი დღესდღეობით რეკლამირებული ელექტროსტიმულატორებისაგან იმით განსხვავდება, რომ მისი გამოყენება მხოლოდ დაშვებული კი არა, სასარგებლოცაა პაციენტთათვის, რომელთაც გულის პათოლოგიები აქვთ. ისინი, ვინც სხეულის კორექციის მიზნით იტარებენ პროცედურებს, თავისდაუნებურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკასაც ღებულობენ. გარდა ამისა, აპარატი ვეგეტატიურ ნერვულ სისტემასაც აბალანსირებს და ანტისტრესულ თერაპიას ახდენს.





ამ მეთოდით სხეულის კორექცია განსაკუთრებით მისაღებია ისეთი ადამიანებისათვის, რომელთაც მხოლოდ ცალკეული ადგილები აქვთ გასახდომი, ანუ ნაკვთოვანი სიმსუქნე ახასიათებთ. მოგეხსენებათ, რომ დიეტით და ვარჯიშით ვერ მიიღწევა ლოკალური, ადგილობრივი ცხიმოვანი დეფორმაციების კორექცია. ეს საშუალებები ზოგად გავლენას ახდენს. მაგალითად, ქალბატონების 80%-ს აწუხებს დუნდულო-ბარძაყის და მუცლის არის ცხიმოვანი დეფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დიეტასა და ვარჯიშს მიმართავენ, შედეგად ჯერ სახე და მკერდი გაუხდებათ და მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად შეუთხელდებათ ის საპრობლემო ადგილები, რომლის გამოც ასე დაიხარჯენ. სიმართლე კი ისაა, რომ ასეთი სიგამხდრე სულაც არ ამშვენებს მათ.

ლერი ლაფანაშვილის მეთოდის უპირატესობა სწორედ იმაშია, რომ ის საშუალებას იძლევა მხოლოდ პრობლემურ ადგილებზე მოვახდინოთ ზემოქმედება. ასეთ შემთხვევაში 1 კგ-ის დაკლებაც კი ალამაზებს ადამიანს, რადგან საუბარია არა წონის დაკლებაზე, არამედ მოცულობაზე, სანტიმეტრებზე.
კარდიოლას" კვლევები ჩატარდა როგორც საქართველოში, ასევე შვეიცარიაში. დაკვირვებებზე დაყრდნობით დასკვნებიც გაკეთდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

დღეს ლერი ლაფარაშვილის კლინიკაში მისულ პაციენტს უკეთდება გამოკვლევა: დეტალურად შეისწავლიან მის სხეულს, წონიან, ზომავენ, მონაცემები შეჰყავთ ტაბულაში და მაშინვე გამოითვლიან (90%-იანი სიზუსტით) რა შედეგით დასრულდება 15 საათიანი კურსი. კურსის მაქსიმალური დრო 5 დღეა (დღეში 3 სთ). თუმცა შეიძლება 15 საათიანი კურსი 1 დღეშიც კი ჩატარდეს. არიან პაციენტები, რომელთაც სასურველი შედეგის მისაღწევად 4 კურსიც კი სჭირდებათ. კარგი კი ისაა, რომ სხეულის კორექციისათვის პროცედურები უმტკივნეულოა, არ მოიცავს არანაირ ქირურგიულ ჩარევას. სხეული ლამაზდება და ამას ემატება გულისა და კუნთების გამაგრება-გაჯანსაღებაც.

კვლევებითა და დაკვირვებებით დადგინდა, რომ პროცედურების დასრულების შემდეგ, როცა ქალბატონები ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობენ, პროცესი კიდევ უფრო ვითარდება და მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაძლებელია მიღწეული შედეგის ხანგრძლივი შენარჩუნება.

პერლა კი გირჩევთ: თუ წელიწადში ერთხელ მაინც მიმართავთ ამ კურსს, თქვენ მუდმივად კარგ ფორმაში იქნებით. გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

კარგი, ცუდი და ჭკვიანი გოგონები

1)კარგ გოგონებს სამოთხისა სჯერათ, ცუდებს - ჯოჯოხეთისა, ჭკვიანებს -დარვინის.

2)კარგი გნერს, ჭკვიანები თვლიან, რომ ორივე პერსონაჟი გამოგონილია.

3)კარგ გოგონებს სძინავთ პიჟამოში, ცუდებს შიშვლებს, ჭკვიანებს კი სიტუაციის მიხედვით.

4)კარგი გოგონები ეძებენ თავიანთ ეროგენულ ზონებს, ცუდებს უკვე ნაპოვნი აქვთ ისინი, ჭკვიანები კი ფიქრობენ, რომ არაეროგენული ზონა არ არსებობს.

5)კარგი გოგონები ქმრის ერთგულები არიან, ცუდები - საყვარლის, ჭკვიანები კი ორივესი.

6)კარგ გოგონებს ყველა ბავშვი უყვართ, ცუდებს - მხოლოდ სრულწლოვნები, ჭკვიანებს - თავისი.

7)კარგიგოგონები ირუჯებიან საცურაო კოსტიუმებით, ცუდები - მათ გარეშე, ჭკვიანები - ჩრდილში.

8)კარგ გოგონებს სამსახური აქვთ, ცუდებს სპონსორები ჰყავთ, ჭკვიანებს კი თავისი ბიზნესი აქვთ.

9)კარგ გოგონებს სუფთა, ფაქიზი სიყვარულის სჯერათ, ცუდებს - ხშირი სიყვარულის, ჭკვიანებს კი ხარისხიანის.

10)კარგი გოგონები იცვამენ კოხტად, ცუდები - გამომწვევად, ჭკვიანები - სწრაფად.

11)კარგი გოგონები ხდებიან მზრუნველი ცოლები, ცუდები - გასაოგნებელი საყვარლები, ჭკვიანები - ერთგული მეგობრები.

12)კარგი გოგონები კითხულობენ "პერლას", ცუდები - უბრალოდ ათვალიერებენ, ჭკვიანები კი კომენტარებს წერენ.

საფრთხის შიში

საფრთხის შიში - განგაშის შეგრძნება, ნერვიულობა და შინაგანი შფოთვა - ეს ის განცდაა, რაც საფუძვლიანი მიზეზის გარეშე არ არსებობს. მიზეზი კი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს ის, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის გაიძულებს იბრძოლო, გულში ჩაიკლა, აღკვეთო, გარეთ არ გამოუშვა, მაგალითად, კრეატიულობა, მუზა, სექსუალურობა, დაუკმაყოფილებელი სურვილი, გრძნობა და ა.შ.

ყველა ადამიანს აქვს პერიოდი, როცა შფოთავს, ნერვიულობს, ცუდი წინათგრძნობა აწუხებს და გასაქანს არ აძლევს. მაგრამ ისეთი ადამიანებიც არიან, ვინც მხოლოდ „ზოგჯერ" კი არა, გამუდმებით ცუდზე ფიქრობენ. მაგალითად, ისინი, ვისაც სიკვდილის შიში ტანჯავთ და ამის გამო ისეთი დეპრესია აქვთ, რომ გარშემო აზრი აღარაფერს აქვს მათთვის. არიან მარტოობის შიშით შეპყრობილნიც. ისეთებიც, ვინც მუდმივად „საბრძოლო მზადყოფნაში" არიან, მიუხედავად იმისა, რომ ამისი აუცილებლობა არ არსებობს.

საფრთხის შიში ერთ-ერთი უძლიერესი იმპულსია, რომელიც აღვიძებს ცხოვრებისადმი დიდ ინტერესს და შემოქმედებით სურვილებს. ეს იმპულსი გიბიძგებთ საკუთარი თავის სრულად წარმოჩინებისაკენ. ეს პარადოქსია, მაგრამ ასეა! თქვენი ტვინი სწორედ ასეთი არასასიამოვნო მეთოდით „გაჯანჯღარებთ" და გაგრძნობინებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში არის რაღაც, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც საფრთხე ემუქრება და საჭიროა ქმედება, რათა აღიკვეთოს ეს საფრთხე და თავიდან აიცილოთ დეპრესია. აქედან გამომდინარე, ის საჭირო და სასარგებლოა იმისათვის, რომ უფრო ყურადღებით იყოთ, პირველ რიგში საკუთარი თავისა და შემდეგ - გარემოს მიმართ. აუცილებელია მიაგნოთ მიზეზებს - იმას, რაც გამოგრჩათ, შეგეშალათ; იზრუნოთ მის გამოასწორებაზე და თავი კარგად იგრძნოთ.

ფსიქოლოგები ასეთ დროს წინააღმდეგნი არიან შვება ჰპოვოთ ფსიქოტროპულ პრეპარატებში. რადგან ეს არ იძლევა პასუხს თვენს სულიერ მღელვარებაზე, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება მიზეზების პოვნა და ადეკვატური ზომების მიღება. დამამშვიდებელი პრეპარატებით თქვენ მხოლოდ დროებით ჩაახშობთ პრობლემას, რომელიც გამოსწორების ნაცვლად შეიძლება სამომავლოდ უფრო გამწვავდეს და გაიზარდოს.

თუ ძალა არ შეგწევთ საკუთარ თავს გაუმკლავდეთ, საუკეთესო გამოსავალია მიმართოთ ფსიქოლოგს, ან ფსიქოთერაპევტს - სპეციალისტს, რომელიც სწორ გზას გიჩვენებთ, რათა გააკეთოთ მართებული არჩევანი ცხოვრებაში და სწორად განსაზღვროთ თქვენი ქმედება. სწორი გადაწყვეტა კი აუცილებელია იმისათვის, რომ შემთხვევით (საფრთხის შიშით) ისეთ მიზნებზე არ თქვათ უარი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია თქვენი ბედნიერებისათვის.

რაც უნდა იყოს (სპეციალისტის ჩარევით თუ მის გარეშე), აუცილებელია მეტი სიმამაცე: შფოთვამ და ნერვიულობამ არ უნდა გძლიოთ ისე, რომ უარი თქვათ ან განუსაზღვრელი ვადით გადადოთ თქვენი სურვილები და ასცდეთ სანუკვარ მიზანს ცხოვრებაში.

იმის შემდეგ, როცა საკუთარ თავს ჩაუღრმავდებით და გადაწყვეტთ რომელი ქმედებებია საჭირო, უნდა მოიკრიბოთ გამბედაობა, სიმტკიცე, დასძლიოთ სიახლის შიშს და შეუპოვრად იბრძოლოთ. თავად ფაქტი, რომ ანგარიშმიუცემლად ხარჯავთ ამდენ ძალას და ენერგიას ნერვიულობასა და შიშებზე, მეტყველებს შემდეგზე: თქვენში საკმარისია ენერგია იმისათვის, რომ თვითრეალიზაცია მოახდინოთ და კარგ შედეგს მიაღწიოთ!

არ მისცეთ უფლება შიშებს თვენში დიდხანს ითარეშონ! თუ ამ გრძნობას ვერ ერევით, ესეიგი დროა რაღაც მკვეთრად შეცვალოთ ცხოვრებაში. საფრთხის შიში - ეს საჭირო და გამოსადეგი სიგნალია, თუ შეძლებთ მას გაუგოთ. განეწყვეთ ოპტიმისტურად, გადახედეთ წარსულს, აწმყოს, დახატეთ მომავლის მოდელი, შეაჯერეთ საკუთარი სურვილები, აღიარეთ შეცდომები, მოუსმინეთ შინაგან ხმას, დააზუსტეთ რა გინდათ, დაისახეთ მიზანი და მიიღეთ საჭირო ზომები!


სამოქალაქო ქორწინება


სამოქალაქო ქორწინება ჩვენს დროში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. მაგალითად, საყვარელი მამაკაცი, რომელსაც უკვე კარგა ხანია ხვდებით, გთავაზობთ ერთად ცხოვრებას. ერთი შეხედვით საინტერესოც კია გაითამაშოთ ცოლ-ქმრის როლი, მოსინჯოთ გამოგივათ თუ არა ოჯახური ცხოვრება და ამასთანავე თავისუფლებასაც არ შეელიოთ. მართლაც ხშირია შემთხვევები, როცა წყვილები ქორწინებადე ასეთი თანაცხოვრებით ცდილობენ გამოსცადონ თავიანთი გრძნობები გამძლეობაზე. ეს სამოქალაქო ქორწინებაა, რომელსაც აქვს პლიუსები და მინუსები. დიახ, სწორედ ამაზე მინდა მოგითხროთ:

სამოქალაქო ქორწინებას ის პლიუსები გააჩნია, რომ ის მოხერხებულია ურთიერთობების გასარკვევად, ერთმანეთის ჩვევებისა და ხასიათების შესასწავლად. იძლევა შესაძლებლობას საკუთარ თავში გაერკვეთ და ზუსტად განსაზღვროთ შეგიძლიათ თუ არა, რომ სწორედ ამ ადამიანთან იცხოვროთ მწუხარებასა და სიხარულში სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ. ასეთი თანაცხოვრება იმ ადამიანებისთვისაა მოგონილი, ვისთვისაც თავისუფლება ყველაზე ძვირფასია, ვალდებულებებს გაურბის და ფიქრობს, რომ ამისთვის ჯერ მზად არ არის.

ყველაზე ხშირად დაქორწინებას მამაკაცები უფრთხიან, სწორედ მათ არ სურთ შეელიონ ძვირფას თავისუფლებას. ამიტომ სამოქალაქო ქორწინება კარგი საშუალებაა მათთვის, შეეგუონ ოჯახურ ცხოვრებაზე ფიქრს და გადაწყვიტონ ბოლოს და ბოლოს კანონიერი ქორწინება.

და კიდევ, - ყველაზე მთავარი: სამოქალაქო ქორწინება იძლევა შანსს წყვილმა შეამოწმოს თუ როგორ ეთავსებიან ერთმანეთს ფიზიკურად, სულიერად, ფსიქოლოგიურად, მატერიელურად, სექსუალურად და ასე შემდეგ.

ასევე მნიშნელოვანია ის მინუსები, რომელთა გარეშეც სამოქალაქო ქორწინება უბრალოდ არ არსებობს. ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ აქ არ დგას პასუხისმგებლობის საკითხი. ასეთ დროს ხშირად ხდება, რომ ქალი იქმნის „ხელოვნურ" ოჯახს და იწყებს მასში ცხოვრებას. ის არაოფიციალურ, მაგრამ მაინც ცოლის როლს ირგებს. მამაკაცი კი კვლავ ტკბება თავისუფლებით. მამაკაცთა უმეტესობისთვის ეს ცხოვრების გაიოლებას ნიშნავს: შინ მისულს - გამზადებული საჭმელი, გასუფთავებული ტანსაცმელი, დალაგებული ბინა და სექსუალური პარტნიორი, რომელიც მუდამ ხელმისაწვდომია მისთვის. ამასთანავე ეს პარტნიორი მისი ოფიციალური მეუღლე არაა და ნებისმიერ დროს შეუძლია ადგეს და მშვიდად წავიდეს, გაყრის პროცედურებისა და ქონების გაყოფის გარეშე.

წყვილს შორის ყველაზე მეტად მტკივნეულია, კამათისას დასმული საკითხი: „შენ ვინ გეკითხება?" რას ითხოვ?" ვინა ხარ?" ეს თავისთავად უსამართლობაა და არ შეიძლება განხეთქილების მიზეზად არ იქცეს.

ასევე უსამართლოა სამოქალაქო ქორწინება იურიდიულ საკითხებშიც. მათი დაშორების დროს არ არსებობს კანონი, რომელიც საერთო ქონებას ან ვალებს განსაზღვრავს...

და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც განსაკუთრებით ქალებს აზიანებს ასეთი ურთიერთობისას: სამოქალაქო ქორწინებაში მყოფნი თავს არიდებენ შვილების გაჩენას, იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, ან, არასასურველ ნაყოფს იშორებენ აბორტის გზით, რაც ვნებთ მათ ჯანმრთელობას.

რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანი თავად წყვეტს სურს თუ არა გამოსაცდელ ვარიანტად აირჩიოს ცხოვრების ასეთი ფორმა, მაგრამ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, მინდა გირჩიოთ, რომ კარგად დაფიქრდეთ, გაერკვეთ საკუთარ თავში - ღირს თუ არა ამ ადამიანს დაუკავშიროთ ცხოვრება. ეჭვების შემთხვევაში დროს მიენდეთ, უბრალოდ დროში გაწელეთ ურთიერთობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ თავად დალაგდება ყველაფერი, ან კანონიერ ქორწინებამდე მიხვალთ, ან დაშორება გარდაუვალი გახდება.

და ბოლოს, გამოკითხული წყვილებიდან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ქალების 80% საკუთარ თავს გათხოვილ ქალბატონად მიიჩნევს, მაშინ, როდესაც მამაკაცების 90% თვლის, რომ ჯერ დასაოჯახებელია. ასე, რომ, გოგონებს განსაკუთრებულად მართებთ სიფრთხილე ასეთი ცხოვრების არჩევისას!

ღალატის ფსიქოლოგია


ეჭვები გტანჯავთ? იქნებ საქმე არც ისე ცუდადაა და საკმარისია ურთიერთობებს გადახედოთ, რომ გამოსავალსაც იპოვით და საეჭვიანოც არაფერი გექნებათ?!

ღალატი ხომ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში ოდითგანვე არსებობს და ის იდეალურ ოჯახსაც კი დაღს ასვამს. დროა დაფიქრდეთ, ფასეულობები დაალაგოთ და თუ თქვენთვის ოჯახი (ურთიერთობა) ღირებული და მნიშვნელოვანია, მის გადასარჩენად იმოქმედოთ.

ღალატის არსში გარკვევა და ნამდვილი მიზეზების პოვნა საკმაოდ რთულია, მაგრამ აუცილებელია იმისათვის, რომ გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა ურთიერთობის შენარჩუნება, თუ წერტილი უნდა დაუსვათ ყველაფერს.

სანამ ზედაპირულ დასკვნებს გააკეთებთ და საბოლოოდ გააფუჭებთ ურთიერთობას, საკუთარ ქმედებებს გადახედეთ, იქნებ აქ იმალება ის მიზეზები, რამაც თქვენს მეუღლეს ღალატისაკენ (ან თქვენთვის მიუღებელი მოქმედებისაკენ) უბიძგა.

ხშირია შემთხვევები, როცა ღალატის მსხვერპლნი ბოლომდე ვერ ხვდებიან რატომ უღალატეს და მიზეზებს პარტნიორში ან მესამე პირში ეძებენ. განაწყენებულნი და გაბოროტებულნი ცდილობენ სხვას გადააბრალონ ის, რაც მხოლოდ მათ ხელთ იყო ყოველთვის. ნუ შეცდებით, იმუშავეთ საკუთარ თავზე - თქვენზე ბევრია დამოკიდებული!

ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ფანტაზიები, შიშები და იდუმალი სურვილები ქვეცნობიერში ღრმადაა ჩაფლული ისე, რომ ხშირად მას თავადაც ვერ აცნობიერებს. მაგალითად, ღალატი შეიძლება სულაც არ წარმოადგენდეს მის სამომავლო გეგმას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სრულიად დაუგეგმავად ჩაიდინოს ეს.

მაშ, როგორ მოვიქცეთ? როგორ ავიცილოთ თავიდან ეს საშიშროება? ამისათვის უნდა ეცადოთ ცხოვრებისეულ ერთფეროვნებას თავი დააღწიოთ. არ დაუშვათ, რომ თქვენი ურთიერთობა მხოლოდ ერთად სადილობით და ძილით შემოიფარგლებოდეს. დაინტერესდით თქვენი რჩეულის საფიქრალით, გაერკვიეთ ურთიერთობებში, გულითადად ისაუბრეთ, არ დაკარგოთ მასთან სულიერი კავშირი, რომლის დროსაც იხსნება ის კვანძები, რაზეც შეიძლება არც კი ეჭვობდით და აუცილებლად უნდა გცოდნოდათ.

ღალატის ფსიქოლოგია მთლიანად აგებულია იმ გრძნობებზე, რომელიც არ გამოთქმულა, არ გაზიარებულა; თქვენი რჩეულის ისეთ თვისებებზე, რაზეც თქვენ თვალს ხუჭავთ, ვერ იგებთ, ან მიუღებლად მიგაჩნიათ; რასაც მას უწუნებთ; რის გამოც ცდილობთ შეზღუდოთ; რისთვისაც ხელს ჰკრავთ, საყვედურობთ ან თავს არიდებთ. თუ თქვენთვის ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ეცადეთ ყოველთვის გაუგოთ მას ყველა სიტუაციაში, იყოთ მის გვერდით, არ დატოვოთ ის თავის მძიმე საფიქრალთან მარტო.

პატარ-პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო გაუგებრობებით იწყება სერიოზული პრობლემები ურთიერთობაში და იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ თქვენს შორის გაუგებრობებმა დიდი ხნით არ ითარეშონ. გაითვალისწინეთ, რომ ის, რაც თქვენ მასში არ მოგწონთ, შეიძლება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ თუ არა, აუცილებლად გამოჩნდება სხვა, ვინც ამას მოიწონებს, მიიღებს და გაიგებს. იყავით მისი მეგობარი, მესაიდუმლე, ეცადეთ მიაღწიოთ ურთიერთობაში გახსნილობას და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი ურთიერთობის ბედი თქვენს ხელთაა!

საინტერესო ფაქტები კვერცხის შესახებ

მწყერის კვერცხს მედიცინაში იყენებენ სხვადასხვა ვაქცინის დასამზადებლად, რადგან ეს ფრინველი სხვა ფრინველებისაგან განსხვავებით ყველაზე ნაკლებად ავადდება.
მსოფლიოში ყველაზე მძიმე კვერცხი 454 გრამს იწონიდა - რაც 6-ჯერ აღემატება საშუალო ზომის ქათმის კვერცხს.
მსოფლიოში ყველაზე პატარა კვერცხი - ეს კოლიბრის კვერცხია, ყველაზე დიდი კვერცხი კი სირაქლემას აქვს, მისი კვერცხის მოსახარშად 40 წუთია საჭირო.
ერთი საშუალო ზომის ქათმის კვერცხი უდრის 5 ცალ მწყერის კვერცხს.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ერბოკვერცხი გაკეთდა მადრიდში შეფ კარლო ფერნანდესის მიერ. ის გააკეთეს 5000 ცალი კვერცხისაგან და მისი წონა შეადგენდა 599 კგ-ს.
ყველაზე დიდ ქათმის კვერცხში 5 გული იყო.
საშუალო ზომის კვერცხის ნაჭუჭზე 17000 პატარა ფორია, მათი საშუალებით კვერცხი იწოვს ჰაერს, სუნს. თუ კვერცხს კოლოფში შევინახავთ, ის უფრო დიდხანს გაძლებს და არ გაფუჭდება.
კვერცხის ნაჭუჭი რომ მსხვრევადი აღარ იყოს, ჩადეთ ის ძმრით სავსე ჭიქაში. 2-3 დღის შემდეგ ამოიღეთ და თავდაპირველად 15 სმ-ის სიმაღლიდან დააგდეთ მაგიდაზე. კვერცხი არ გატყდება, ის მაგიდის ზედაპირზე ბურთივით გაგორდება.
იხვების, სირაქლემების, თოლიების, ქათმების შვილები (წიწილები, ჭუკები...) დაბადაბისთანავე მზად არიან დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, რადგან ისინი იჩეკებიან კვერცხიდან რომელშიაც დიდი რაოდენობით კვერცხის გულია. კოდალების, ბუების და ფრინველთა უმეტესობის ბარტყები კი ძალიან უსუსურები არიან და გამოჩეკის შემდეგ დიდხანს ესაჭიროებათ მშობლების მზრუნველობა.
კვერცხისმდებელი ქათამი დებს 250-300 კვერცხს წელიწადში. 1 კვერცხის დადება რომ განახორციელოს, მას ესაჭიროება 24-26 საათი. 30 წუთის შემდეგ კი ამ პროცესს ის თავიდან იწყებს.
სამეფო ალბატროსს კვერცხის დადების განსახორციელებლად ესაჭიროება 79 დღე-ღამე.
ყველაზე დიდი სიმაღლე, საიდანაც ოდესმე კვერცხი გადმოვარდნილა და არ გამტყდარა, 198 მეტრია. რეკორდი დევიდ დონოჰიუს ეკუთვნის. 1979 წლის 2 ოქტომბერს დონოჰიუმ ვერტმფრენიდან კვერცხები ტოკიოში მდებარე გოლფის მოედანზე გადმოყარა რათა პროტესტი გამოეხატა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარი სიამოვნების გულისთვის მილიონებს ხარჯავენ. მისი პროტესტი დამთავრდა იმით, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევმა გინესის წიგნში ამოყო თავი.
ქათმის კვერცხის ინკუბაცია 28 დღე-ღამეს გრძელდება.